ქართული ოცნება ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გადაწყვეტილების მიზეზი უნგრეთში გამართულ კონფერენცია გახდა. „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობა კი კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება. დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.