„ეს იყო აუცილებელი მოგერიება“ –  სისხლიანი დაპირისპირება გოგებაშვილზე

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაკავებული კახაბერ კამლაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება და არა განძრახ მკვლელობა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და ვესაუბრე. არსებული მდგომარეობით, ნამდვილად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მან გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა. დაცვის თანამშრომელია და იცავდა პირს, რომელსაც ესროლეს, მარგველაშვილს. ამბობს, გავიგონე გასროლის ხმა და ვნახე როგორ ესროლაო. ამის შემდეგ ვუთხარი „სდექ“ და მოვუწოდე იარაღის დაგდებისკენ-ო. ამის შემდეგ, მან მეორე ჯიბიდან ამოიღო „მაკაროვის“ ტიპის იარაღიო. მას განზრახული არაფერი ჰქონია. ეს იყო  აუცილებელი მოგერიება“ – განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ „მედიაცენტრ მთავართან“.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს. დამატებით დეტალებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც მასალებს გაეცნობა.

დაკავებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ.  შეგახსენებთ, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე იარაღით დაპირისპირება გუშინ მოხდა. დაჭრილია 2 ადამიანი, ერთი – თავდამსხმელი კი გარდაცვლილი.

 

მსგავსი თემები