საქალაქო სასამართლოში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეთაურის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად პანკისში დააკავეს, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. სასამართლო სხდომა დახურულია, რადგანაც, საქმეს გრიფი „საიდიმლო“ ადევს. ბრალდებული დაცვაზე უარს აცხადებს.

როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ განმარტა, ბრალდების მხარე  პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„დაკავებული პირი გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” და სირიის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის არსებობს ვიდეომასალაც”, – განაცხადა მაია სილაგაძემ მედიასთან.

პაქსაშვილის დაკავება პანკისში მოხდა. მან საქართველო 2013 წელს დატოვა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ადვოკატზე უარს ამბობს.

 

მსგავსი თემები