„სად ხართ, რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას“ – ამონარიდი პრეზიდენტის გამოსვლიდან  

საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა, დეტალურად ისაუბრა მმართველი გუნდის გავლილ გზაზე და უსაყვედურა, რომ დღეს გზას ასცდა. გთავაზობთ ამონარიდს პრეზიდენტს ანგარიშიდან.

„მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამიტომ არ შემიძლია დღეს არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით.

თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარეთ ხელისუფლება, შეუდექით სამართლიანობის აღდგენას, ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თქვენმა ხელისუფლებამ თავი მოუყარა თითქმის ყველა მაშინდელ ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება.

საგარეო მიმართულებით თქვენმა ხელისუფლებამ გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე.

2012 წელს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი მისი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ უამრავი უცხოელი სტუმრის მონაწილეობით. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებდა.

ამ ევროპულ გზას თქვენ, მმართველი პარტია, ერთხმად უწოდებდით „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“. ამიტომ ახლა არ შემიძლია, არ გითხრათ, თუ არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით?“ – მიმართა პრეზიდენტმა მმართველ ძალას.

 

მსგავსი თემები