„მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები“ – ზურაბ იარაჯული დღეს, 48 წლის გახდებოდა

  •  

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, ბომბორას აეროპორტიდან გასროლილი სითბური რაკეტის შედეგად დაღუპული, ქართული მოიერიშე სუ-25 -ის 22 წლის პილოტი, ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული დღეს, 12 მარტს, 48 წლის გახდებოდა. ის 1993 წლის 13 ივლისს, აფხაზეთში, სოფელ შრომასთან შეტაკებისას დაიღუპა. 

ახალგაზრდა გმირს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია იხსენებს: “ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „იგლადან“ გაშვებული სითბური რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. მოწინააღმდეგესაც შეუმჩნევია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე გამალებული ნადირობა დაიწყეს. 

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ზურა იარაჯული ალყაში მოუქცევიათ. ზურას დანებება შესთავაზეს. სავარაუდოდ, დატყვევებულ პილოტს ტყვეთა გაცვლის პროცესში გამოიყენებდნენ – ამას დაპირდნენ კიდეც. ზურამ ტყვეობაზე უარი გთქვა. მეტიც, მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი დაჭრა. ასე გმირულად დაიღუპა კაპიტანი იარაჯული. „მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ – ხშირად სმენიათ მისი სიტყვები თანამებრძოლებს”.  

ზურაბ იარაჯული 1971 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. აბესალომ იარაჯულის ოჯახში, უფროსი დის შემდეგ, ის პირველი ვაჟი იყო. ზურა ბავშვობიდან წყნარი, მორიდებული ბავშვი იყო. სკოლაში განსაკუთრებით ტექნიკური საგნები აინტერესებდა. მალე თვითმფრინავები შეუყვარდა, ხელნაკეთ თვითმფრინავებს აწყობდა და პილოტობაზე ოცნებობდა. 

ლია იარაჯული-ჩიქოვანი, ზურაბის და იხსენებს: „ძალიან უყვარდა ფიზიკა, მათემატიკა. აწყობდა თვითმფრინავებს. სოფელში როდესაც მივდიოდით, მანქანაში წნევის ცვალებადობას აკვირდებოდა და ამით ყველას გვაოცებდა. ზურა მაშინ 14 წლის იყო“.

მერვე კლასში ზურაბი აეროკლუბში გაწევრიანდა და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნო. კლუბიდან ზურა ფრენებზე ხშირად დადიოდა და ამან მისი მიზნების ჩამოყალიბებაში ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი შეასრულა. მამა აბესალომ იარაჯული საავიაციო ქარხანაში მუშაობდა და სამხედრო მოსამსახურე იყო. მიუხედავად ამისა, აბესალომმა ვერ შეამჩნია, რომ მისი შვილი ზურაბი სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო სასწავლებლებს ეძებდა და ოჯახისგან მალულად გამოცდებიც ჩააბარა. მისაღები გამოცდების სამედიცინო კომისიაზე, თავდაპირველად, ზურაბის კარდიოგრამა დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. ეს ფაქტი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მომავალი პილოტი არ შეეგუა და ჯანმრთელობის შემოწმება თავიდან გაიარა. 1988 წელს, ამჯერად უკვე ნორმატივების შესაბამისი კარდიოგრამით, ზურაბი რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩაირიცხა.

ზურაბს საავიაციო სასწავლებელში დიდ პატივს სცემდნენ. ცდილობდა მაქსიმალურად მიეღო ის განათლება, რასაც სასწავლებელი სთავაზობდა.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ბექაური იხსენებს: „ძალიან პატრიოტი და მონდომებული ბიჭი იყო ზურა. ერთხელ ერთ-ერთი სასწავლო ამოცანის შესრულების დროს საფრენი აპარატით ის მანევრები გააკეთა, რომელსაც აღნიშნული ამოცანა არ ითვალისწინებდა. ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილების გამო კურსანტებს სასწავლებლიდან უშვებდნენ. ზურაბის ეს ქმედება სასწავლებლის ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომამ განიხილა და მიუხედავად მოლოდინებისა, ზურა სასწავლებელში დატოვეს. დატოვეს, რადგან თითოეული საავიაციო მანევრი მაქსიმალურად სიზუსტით, უსაფრთხოდ და სააავიაციო საქმის სიყვარულით გააკეთა.“

ზურაბის საავიაციო სასწავლებელში ყოფნის დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ქართველ კურსანტებს რუსეთში ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, თუ რა ხდებოდა სამშობლოში. ზურაბ იარაჯული ამ დროსაც სამშობლოზე და თავისუფლებაზე ოცნებობდა.

ზვიად ბექაური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი: „საავიაციო სასწავლებლის კურსანტებს შესაძლებლობა გვქონდა ღამით სამეცადინოდ ავმდგარიყავით. ეს გამონაკლისი იყო ჩვენთვის, რადგან როდესაც სამხედრო დანაყოფში ძილის დრო ცხადდება, არავის აქვს ადგომის უფლება. ღამით მეცადინეობების დროს ზურამ საქართელოს რუკა დახატა. რუკაზე თითოეულ კუთხეს შესაბამისი ბუნებრივი რესურსი მიახატა და მითხრა – „საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთო“. ეს იყო ძალიან მოულოდნელი იმ დროისთვის, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჩვენ რუსეთში ვსწავლობდით“.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ზურამ ძალიან მტკივნეულად განიცადა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ზურა რუსეთში ვეღარ ჩერდებოდა და ოჯახს აფრთხილებდა, რომ მალე საქართველოში დაბრუნდებოდა. 1992 წელს ის საქართველოში მართლაც დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ზურაბ იარაჯულმა სუ-25 მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა.

ამ დროს აფხაზეთის ომი დაიწყო. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე სუ-25-ით არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. 1993 წლის 13 ივლისს სოფელი შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ქართული სოფელი რუსული სამხედრო შენაერთებისგან უმოწყალოდ იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა, მალევე შემოდის ინფორმაცია, რომ საჭიროა კვლავ მოქმედება. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო, 45-ე საბრძოლო მისია აღმოჩნდა.

1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ზურას მამამ გმირი შვილი აფხაზეთიდან მშობლიურ თიანეთში გადაასვენა. პილოტი, რომელმაც მტერთან ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი არჩია, 2013 წელს ეროვნულ გმირად აღიარეს.

მსგავსი თემები