“პოზიციები შეჯერებულია, დისკუსია – დასრულებული” – თეა წულუკიანი მინისტრის სავარძელს ინარჩუნებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თანამდებობას არ ტოვებს და სამთავრობო გუნდთან ერთად განაგრძობს მუშაობას.  

როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა მმართველ გუნდში პოზიციების შეჯერება მოხერხდა.

“დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია, თემა ამოწურულია. განვაგრძობთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანმა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა და მმართველ გუნდს პირობა წაუყენა.

მიუხედავად იმისა, მიიღებდა თუ არა ის გუნდიდან მხარდაჭერას, თეა წულუკიანი პოლიტიკური პოზიციის შეცვლას არ გეგმავდა და აცხადებდა, რომ რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, მისი პოლიტიკური ადგილი პარტია “ქართულ ოცნებასთან” არის და ის ყოველთვის “ოცნების” ამომრჩეველი იქნება.

„როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები