„დაასვენეთ ეს ქვეყანა! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ, არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ“ – ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვერანაირი რევოლუციით და აყირავებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის გაფრთხილება და ამაზე უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული. ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამას ისინი არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა გთხოვოთ – დაასვენეთ ეს ქვეყანა! უბრალოდ დაასვენეთ ეს ქვეყანა! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ათი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ 2015-16 წლები. რეგიონზე და მათ შორის საქართველოზე ამ ყველაფერს მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. იყო ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი აღნიშნულ წლებში. ამის შემდეგ იყო კოვიდი, რამაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ ეს ქვეყანა არჩევნებამდე მაინც უნდა დაასვენოს.

„სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ყველა ეს ადამიანი, მთელი რადიკალური ოპოზიცია, უპირისპირდება სწორედ ამას. ხომ შეიძლება ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა?! საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ქვეყანა, მაგრამ არა! თავის ბუნებას ისინი, ბუნებრივია, ვერ მოიშლიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, „რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის „უკრაინიზაციისთვის.

„მისთვის გინდათ გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსი, ნებისმიერი საბაბი, რომ ააყირავოთ ეს ქვეყანა და გამოიწვიოთ ქვეყანაში მეორე ფრონტი, მაგრამ ამის საშუალებას თქვენ არავინ არ მოგცემთ“ – დასძინა მან.

 

მსგავსი თემები