„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის არევისთვის გამოგვიგზავნეს საქართველოში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს.
„ჯერ დავიწყებ იმით თუ რა გააკეთეს მათ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ საქართველოში ჩამოგვიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის არევისთვის გამოგვიგზავნეს საქართველოში და იმისთვის, რომ საქართველოს „უკრაინიზაცია“ მომხდარიყო. საბედნიეროდ, ეს გეგმა ჩავარდა და ამაში გადამწყვეტი როლი ხელისუფლებამ შეასრულა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რომელმაც, ეს უმძიმესი კრიმინალი დააპატიმრა და მიუჩინა ადგილი იქ, სადაც მისი ადგილია“ – აღნიშნა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიცია ყოველთვის გააზრებულად მოქმედებდა.
„ზუსტად იგივე რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან მიერთებას ითხოვდა, რაც ესკალაციისკენ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, როცა ვამბობთ გაუაზრებელს ოპოზიციას კარგად ჰქონდა გააზრებული ამ ნაბიჯის შედეგები და მიზანი, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი იქნებოდა. კიდევ უფრო მძიმე მოვლენა იყო, როცა მათ პირდაპირ მოითხოვეს, უკრაინაში მოხალისეები გაგვეგზავნა, რაც სანქციებისგან განსხვავებით, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას ნიშნავდა და როდესაც რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში ითხოვდა ამ ყველაფერს, ვიღაცები სხვაგანაც ითხოვდნენ ამ ყველაფერს, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.