,,წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“- გაფრთხილება მოსახლეობას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე სიმულაციურ წვრთნებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე „ბათუმი არენის“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.

ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.

სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.

ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები