ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო.

ახალი სისტემა  60-ზე მეტი სახელმწიფოს შეეხება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.

სისტემის ამოქმედების შემდეგ, იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

მომსახურების გადასახადი შვიდი ევროთი განისაზღვრა.

„სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.

შვიდი ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.

მსგავსი თემები