,,სამწუხაროდ, ნედ პრაისის პირით ითქვა ტყუილი”- ირაკლი კობახიძე

,,არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული.

„რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და, პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან, მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები პირდაპირ ამხილა სიცრუეში. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა უკვე ამერიკულის ასლია წარმოდგენილი და ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. მას მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები