,,ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული.

მისივე თქმით, კანონის ორივე ვერსიას პარლამენტში, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერენ.

„გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც  ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი. ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ უკვე სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება.

თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით, ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთზე ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები