,,გადამალული ივანიშვილი დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს”- გახარია ”ქართული ოცნების” წევრებს

ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, – ამ სიტყვებით პარტია „საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე, ”ქართული ოცნების” წევრებს მიმართა.

მისივე თქმით, „ოცნება“ ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად.

„ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა, არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს ოცნება ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა, სწორედ , ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში “ოცნება” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას – გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ოცნება ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების სურვილით და მზადაა ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. ნაციონალური მოძრაობა კი, მზადაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.

მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები, თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ყველამ, ვინც შეიძლება, განსხვავებულად ვაფასებდეთ წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორც შეგვიძლია, ერთად, ცალ-ცალკე, დღეს ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა,”- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები