„პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ“ – მინისტრი  ციხეებში ადრე არსებულ პრაქტიკაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს ციხეებში ადრე არსებულ პრაქტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატიმართა ცემა, საკვებს გარეშე დატოვება, კარცერში მოთავსება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.

„ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა. რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა, – აცხადებს მინისტრი და ა „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებს.

„პატიმრების მორჩილებისა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით:
• ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა;

• პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ;

• ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;
• პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა;
• პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა;
• ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა;
• პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ;
• პატიმრებს შორის საუბარი მხოლოდ ჩურჩულით.

ეს სამწუხარო და დიდი ადამიანური ტკივილით გაჯერებული სიტყვების ერთობლიობა არა რომელიმე ნაწარმოების ან საშინელებათა ჟანრის ფილმიდან, არამედ ევროპული სამართლიანობის უმაღლესი ინსტანციის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაა. ევროპულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის უმაღლესი სამართლებრივი შემფასებლის უაპელაციო ბეჭდით დადასტურებული ტრაგიკული ქრონიკა 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ციხეებში არსებული რეალობაა. რთულია, თვალი გაუსწორო ჩვენი ისტორიის ამ მძიმე დანაშაულებრივ მონაკვეთს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხის დაცინვა, სახელმწიფოს დამცირება, კონსტიტუციის ღალატი და ფეხქვეშ გათელვა.

თავისუფლების აღკვეთა უმძიმესი სასჯელია, რომლის მიზანიც სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია, ანუ სასჯელის მოხდის შემდგომ, სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი ნორმების შესრულების აუცილებლობის სულისკვეთებით აღჭურვილი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციაა. დადასტურდა, რომ ნაცვლად ამისა, ფსევდო მოდერნიზაციის ნიღაბს ამოფარებული , სისასტიკეზე შეყვარებული, საკუთარი უკანონო ძალაუფლების ფართო ჰორიზონტით მონუსხული, სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები პატიმრობაში მყოფ ადამიანებს დამატებით უსჯიდნენ უკანონო, ღირსების შემლახველ და დამამცირებელ სასჯელებს. სხვების წამებით გამოწვეული ტანჯვისგან კი სიამოვნებას იღებდნენ და კიდევ უფრო სასტიკები ხდებოდნენ. წარმოდგენაც კი შემზარავია, რა ფორმას მიიღებდა ძალადობრივი რეჟიმის ტირანია, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს პროპაგანდისტულ ნეობოლშევიზმზე რომ არ გაემარჯვა“, – აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები