თურქეთში სამშენებლო ამნისტია 25-ჯერ მოხდა და ჯარიმით 75 000 შენობა „გაპრავდა“

„სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ ბაზარი დაარეგულირებს და ინვესტორი არ ააშენებს ისე, რომ მისთვის საზიანო იყოს. სამწუხაროდ, ამ სფეროში ბაზარი ვერ არეგულირებს“ – აცხადებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი „მედიაცენტრ მთავართან.“

მისი შეფასებით, კლავს არა მიწისძვრა, არამედ ის შენობები როგორსაც ვაშენებთ.

„ყველას სურვილია, ნაკლები დახარჯოს. თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ ბოლო პერიოდში, სამშენებლო ამნისტია 25-ჯერ მოხდა. ეს ტერმინი შესაძლოა კარგად ჟღერდეს, თუმცა, ეს ნიშნავს დარღვევით აშენებული შენობების ლეგალიზებას. ჯარიმა გადაიხადეს და ლეგალურ ჩარჩოებში მოექცნენ. მხოლოდ სტიქიის ზონაში 75 000 შენობა „გაპრავდა“ ჯარიმის გადახდის შემდეგ“ – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

სეისმოლოგის თქმით, საქართველოში სულაც არ არის საჭირო თურქეთის მსგავსი მიწისძვრა მოხდეს.

„2002 წლის მიწისძვრით რომ ვიმსჯელოთ, მაშინ საშუალოზე სუსტი მიწისძვრა მოხდა 4,5 მაგნიტუდის და 10 000-ზე მეტი შენობა გახდა ავარიული.  საერთოდ გაუგონარი რამ მოხდა, 8 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო საშუალოზე სუსტი მიწისძვრის შედეგი. ამიტომ, თურქეთის მსგავსად, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა სულაც არ არს ჩვენთან აუცილებელი. შეიძლება, ბევრად სუსტმა მიწისძვრამაც საკმაოდ ცუდი შედეგები მოიტანოს“ – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები