,,ამ ეტაპზე სტრასბურგში გასაჩივრებისგან თავს ვიკავებთ”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმდენად შემჭიდროებულ ვადებში ხდება ამ ტიპის დავების განხილვა, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან. დაველოდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი მოცემულობაა. არ არის გამორიცხული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, სააპელაციო სასამართლო სარჩელს თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვა სამართლებრივ გზას მიმართავენ.

„გადავადების შემთხვევაში, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გაყვანა მოხდება. რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავის გამოგზავნაზე და მისი გადაყვანა მოხდება ევროპის წამყვან კლინიკებში. თუ არ გადაუვადეს ან არ გაათავისუფლეს სასჯელისგან, სულ სხვა სამართლებრივი გზით წასვლაზე ვიფიქრებთ. ჩვენ გეგმა გვაქვს, მივყვებით ამ გეგმას. პირველი ინსტანციიდან დიდი მოლოდინი არ გვქონდა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო 2-3 პროცესზე. შესაბამისად, მივყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც თავიდანვე გვქონდა არჩეული. რას გავაკეთებთ, ამაზე წინასწარ არაფერს ვიტყვით, წინასწარ არ გავუმხელთ, არ გავუშლით ჩვენს სამოქმედო გეგმებს, რადგან შემდეგ ვხედავთ, რომ ეს გეგმები მათი მხრიდან საკმაოდ უხეშად იბლოკება. ამიტომ მოგვისმენენ იმას, რასაც ვლაპარაკობთ. ჯერ ჩვენ შიდა სამართლებრივი ყველა მექანიზმი უნდა ამოვწუროთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები