ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ხობში, თავის არეში ქვის ჩარტყმით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 თებერვალს, ხობის მინიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს ქვის ჩარტყმით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 – დან 15 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი თემები