ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ამერიკიდან ჩამოსული ექიმი დააკვირდება

ცოტნე გამსახურდიას ოჯახმა, ამერიკიდან ექიმი, ზურაბ გურული მოიწვია. ექიმი მეთვალყურეობას გაუწევს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მონტგომერის ფედერალური კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ გურულის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ საჭირო არ არის.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა ამ კლინიკაში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების სრულ შესაბამისობაში. ამიტომ ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება საჭიროა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა ზურაბ გურულმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა, პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მსგავსი თემები