,,შთაბეჭდილება დამრჩა, სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა”- მიხეილ სარჯველაძე

,,შთაბეჭდილება დამრჩა, სხვა მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა უარი განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებას დასწრებოდა,”– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო არ დაესწრო.

„როგორც ჩანს, მან არჩია, ამ მიზეზზე პირდაპირ არ ესაუბრა და შესაბამისად, ის მიზეზი დაესახელებინა, რაზეც გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისაუბრა. შემოთავაზებული არ იყო კარგი და დამაჯერებელი ახსნა, რატომ იყო მიუღებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრების განთავსება იმ წესით, რა წესითაც შესთავაზეს. რაში გამოიხატებოდა პროტოკოლის დაუცველობა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე გასაგები არ ყოფილა. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ რაღაც სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე. გავრცელებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე და შესაძლოა, მიზეზი ამას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ელჩების კონფერენციას სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

მსგავსი თემები