„ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და 25%-ს არ ცდება”- პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ის 25%-ს არ ცდება,”- ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე GORBI-ს კვლევის შედეგებს. მისი თქმით, აღნიშნულ კვლევას ნდობას არ უცხადებს.

„არ ვუცხადებ ნდობას ამ კვლევას, რომლის თანახმად საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე კმაყოფილია „ქართული ოცნებით“, კმაყოფილია იმით, რომ ამ ცივილიზებულ დაპირისპირებაში ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს. მე არ მჯერა, რომ ადამიანები კმაყოფილები არიან, დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. მე არ მჯერა კვლევის, რომელიც იტყვის, რომ ყოველი მეორე ადამიანი კმაყოფილია, როცა 100 ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან და არ მჯერა კვლევის, რომელიც ამბობს, რომ ყოველი მეორე ადამიანი კმაყოფილია, როცა ქვეყანაში 200 ათასამდე ბავშვი შიმშილობს.

ეს არის პოლიტიკური დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომ ის რეალობა, რომელზეც ოცნებობს „”ქართული ოცნება“ მიყიდონ ხალხს, როგორც არსებული რეალობა. ჩვენ ვატარებთ ჩვენს კვლევებსაც და „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ის 25%-ს არ ცდება. ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხალხის ნდობა აქვთ მაშინ, როცა პოლიტიკურად გაკოტრებულია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.  გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“, გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“. 1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“.

მსგავსი თემები