ეკა ბესელია: არავის აქვს უფლება, ჩემი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოს

  •  

დღევანდელი პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაცია, ამის შესახებ, ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

დეპუტატს ჟურნალისტებთან, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ არავის აქვს უფლება, მისი ნების წინააღმდეგ, უმრავლესობის დატოვება მოსთხოვოს.

“ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩემთან ასეთი საუბრის, გაგრიცხავთ და ა.შ. უფლებას თავს არავინ აძლევს. ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს.

მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ. ჩემს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვას არავის.“- განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები