,,კანდიდატის სტატუსის თემა ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.”- ”ხალხის ძალა”

,,კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპუტატების თქმით, ”მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც”.

„დემოკრატია რადგან ფსევდოლიბერალების ლექსიკონში სინამდვილეში აგენტოკრატიას ნიშნავს, დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება ნებისმიერი პროცესი, რომელიც აგენტოკრატიის დემოკრატიით ჩანაცვლებას განაპირობებს ან, პირიქით, რომელსაც დემოკრატია აგენტოკრატიისკენ არ მიჰყავს.

სწორედ ამიტომ საუბრობენ ნაცმოძრაობის უცხოელი პატრონები ორწლიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. ზუსტად ორი წლის წინ მოხდა ის, რასაც ისინი დღემდე ვერაფრით ეგუებიან – „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლება არ გადააბარა, ანუ დემოკრატია აგენტოკრატიით არ ჩანაცვლდა. აგენტოკრატიის აღდგენა ვერც 19 აპრილის შეთანხმებამ მოიტანა. შესაბამისად, ისინი მუდმივად გააგრძელებენ საუბარს ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, ვიდრე საქართველოში აგენტოკრატიის აღდგენას არ მიაღწევენ.

ასევე, საინტერესოა, რომ ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია – გარედან მართულ მედიას და ა.შ. ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით და ამიტომ, მოლდოვის ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო. ეს სიმართლეა, თუმცა, მთავარ სიმართლეს საზოგადოებას არც ამ შემთხვევაში ეუბნებიან. არის ერთი, გადამწყვეტი პარამეტრი, რითაც მოლდოვა „წინ უსწრებს“ საქართველოს – საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც. მოლდოვური აგენტოკრატიისგან განსხვავებით, ქართული დემოკრატიის ბამბაც ჩხრიალებს და ამ პირობებში, სუვერენულ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, არავინ მიანიჭებდა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.

ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად. ამ რეზოლუციების მთავრი ავტორები არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები – კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფონ კრამონი, ფოტიგა და სხვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და ნაცმოძრაობის საერთო პატრონების კარნახით მოქმედებენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება დაისვას კითხვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს, ხოლო დემოკრატია თავდასხმისა და აგრესიის მთავარი ობიექტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება, ოღონდ გვჭირდება იმ ღირებულებებით, რომლებსაც ევროპა ტრადიციულად ეფუძნებოდა. საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში. ჩვენ ვოცნებობთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორადაც ის შუმანმა, მონემ, ადენაუერმა, ჩერჩილმა და ევროკავშირის სხვა დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი თემები