,,სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, ჩვენ უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე”- დავითაშვილი

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება,  რომ შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, სპეკულირების საგანი გახდა.

„ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების უკეთესი მონიტორინგი და რა თქმა უნდა, ესეც გახდა სპეკულირების საგანი. აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ ან თემის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ, რაც სამწუხაროა. ეს ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა. როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად ვიყავით პირნათელი საზოგადოებასთან,”- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება, უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე.

„საქართველოში ჩვენ შევიძინეთ ორი თანამედროვე რადარი და დღეს სამი თანამედროვე რადარი მუშაობს, ესეც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომელთაც საქართველოს მთელი ტერიტორია, მეტეოროლოგიური კუთხით, დაფარულია. ათეულობით მილიონი ინვესტიციაა აქაც ჩადებული. 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ისე რომ, ჩვენ როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ამას ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერება მომხდარიყო და ყოფილიყო მონიტორინგის საშუალება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ღრმა მწუხარებით, რომ სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, ჩვენ უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და ასეც მოხდა. მივიღეთ ადამიანების მსხვერპლი, ამას ვერაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ის, რომ სპეკულირება მოხდეს ასეთი თემებით, ვფიქრობ, ყოვლად არამორალური, უპასუხისმგებლოა და ამაზე უნდა გამეკეთებინა განცხადება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მსგავსი თემები