,,ძეგლთა დაცვის სისტემაში რეფორმა განხორციელდა, ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება”- თეა წულუკიანი

,,ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა, ამას ზოგი რეპრესიებს უწოდებს, ორივე „რ“-ზე იწყება და არა უშავს,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით,  ბოდიშს არ მოიხდის, იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინრობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, სამინისტრო დაემშვიდობა.

„ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს. ორივე რ-ზე იწყება და არაუშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ. უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე. მე არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა. ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის დაუზარებლობა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ გვყავდნენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამა და ამ ძეგლზე, ამოსულია ხე და მას უბრალოდ, ეზარება რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ ვერ ვმუშაობ ასე. ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, როდესაც მე არ მეზარება შრომა, მაგრამ თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა და გასაუბრებაზე მეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შემინახოს. აი, ასეთი სისტემა ვერ იქნება, რომელიც უვლის გელათს და სხვა ძეგლებს. ამიტომაც ის ოთხი დავა დასრულდა, დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. კრიტერიუმი პროფესიონალიზმის, მონდომების ან დაუზარლობის გარდა, არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ელემენტარული პროფესიული და სხვა უნარები, რათა გასწიოს სამუშაო, რისთვისაც არის სამსახურში დასაქმებული. ვფიქრობ, ეს ელემენტარული რამ არის და სამწუხაროა, რომ ამის შეხსენება მიწევს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები