არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა ორმაგდება

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, წარმატებით ახორციელებს სატრანსპორტო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის სატრანსპორტო სისტემა დაინერგოს“ – აცხადებს პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი და ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს.

სატრანსპორტო რეფორმის სრულყოფის მიზნით და ამ სფეროში წესრიგის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შემუშავდა, რომლის თანახმად, ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას გამოიწვევს, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის ფუნქციონირებაზე.

პროექტის თანახმად,

• ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე ავტომობილის პარკირება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;

• მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები;

• უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება;

• ამასთან, ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.

• მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

• ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10 დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება.

მსგავსი თემები