კიკეთში 5 პირის დაჭრისა და ერთის მოკვლისთვის დაკავებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულ გ.ნ-ს კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კიკეთში სროლა გუშინ მოხდა. პოლიციამ 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები