,,დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა, ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ”- კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების (მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი) განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, ელჩი არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას.

კელი დეგნანის განცხადებით, დასავლეთს „საქართველოს ომში ჩათრევა“ არ უცდია და ის ადამიანები, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ.

,,დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის”, – განაცხადა კელი დეგნანმა ,,ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები