,,მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს”- ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა და ახლა აქვს შესაძლებლობა ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს.

,,უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მსგავსი თემები