,,ათობით კომპანიაა საქართველოში, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში”- ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობის მოწოდების კუთხით, ბოლო 5 თვის განმავლობაში, პირველ ადგილზეა. ხაბეიშვილის თქმით, კონკრეტულ ბიზნესმენებს,  საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვთ.

„იმ ფონზე, როცა უკიდურესად ძვირდება საწვავი საქართველოში და მოსახლეობას შეძენა ძალიან უჭირს და უკანასკნელი ლარების გაღება უწევთ, ამასობაში საქართველოს მთავრობამ და ოპერატორებმა, კონკრეტულმა ბიზნესმა რუსული ნავთობით, სისხლიანი ნავთობით გაავსო საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რუსეთი გადავიდა სამწუხაროდ, პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობი არც იაფია და არც ერთადერთი, რადგან არსებობს ალტერნატივები – რუმინეთი, ბულგარეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, თუმცა საქართველოს მთავრობა და კონკრეტული ოპერატორები ცდილობენ სისხლიანი რუსული ნავთობი შემოიტანონ და დააფინანსონ როგორც საქართველოს ოკუპაცია, ასევე უკრაინაში გენოციდი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავასაჯაროვეთპეტროკასთან“ დაკავშირებული ინფორმაცია. ვნახეთ, რომ „პეტროკასი“ იაკობაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა,”- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

დეპუტატი  „ვისოლ ჯგუფს“, „არაგვი იმპექსს“,  „ლუკოილს“ და დანარჩენ კომპანიებს, აძლებს რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში.

,,ათობით კომპანიაა საქართველოში, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში… ვაძლევთ რამდენიმე დღეს ამ სამ კომპანიასაც  და დანარჩენ ათსაც, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანასა და უკრაინის გენოციდის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,  იგივე მოუწევს ფხაკაძესაც, არაგვი იმპექსის ხელმძღვანელობას – მამა-შვილ კაკაბაძეებს, ლუკოილსაც და სხვა ათობით კომპანიას”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები