საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების  მითვისების ფაქტს.

,,დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი თემები