მკვლელობა ზესტაფონში – კაცმა ნაცნობს ესროლა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ც. ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა [ვ.ც.] მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა,”- ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

გამოძიება  განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები