,,ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ”- სალომე სამადაშვილი

პარტია ,,ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს  ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ. მისი თქმით, პირადად ღარიბაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, იმაზე რომ საქართველოს ევროპული მომავალი დღეს  გაურკვეველია.

,,პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ზეგ პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მან გადაწყვიტა დღეს მოსულიყო პარლამენტში. თუ ფიქრობს, რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება განაცხადის წარუმატებლობაზე, ის არის ძალიან ღრმად შემცდარი. თქვენ გახსოვთ, მისი უკანასკნელი ვიზიტის დროს პარლამენტში ჩემი შეკითხვა ეხებოდა იმას, რომ როცა ბრიუსელში ჩავიდა ღარიბაშვილი და გააცნეს ჩამონათვალი პრობლემატური საკითხების, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა მათ მოსაგვარებლად. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის ტყუილი და არანაირი პრობლემატური სია მისთვის არავის გადაუცია. თუმცა, ჩვენ ვნახეთ შედეგი. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ უნდა მოდიოდეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი განაცხადი დამთავრდა ასე, როგორც დამთავრდა და უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდნენ ჩვენზე გაცილებით წინ, ხოლო საქართველოს ევროპული მომავალი დღეს არის გაურკვეველი,”- აღნიშნა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.

მსგავსი თემები