„ნაციონალური მოძრაობა ერთი ხელით ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს აკეთებს”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ინტერესებზე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხელით აწერს ხელს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორეთი საწინააღმდეგოს აკეთებს,

„დღეს ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ პროევროპული რესურსის სასარგებლოდ, მოხდეს რესურსის მობილიზება, რაც ქვეყნის გარეთ გვაქვს. ვხედავთ ამის საწინააღმდეგოს. ვინ იძლევა გარანტიას, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება უარყოფით გავლენას არ მოახდენს? „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხელით ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.

რატომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა სტრასბურგსა და ბრიუსელში და რატომ არ ისმის არც ერთი ევროკავშირის მხარდამჭერი განცხადება? ამის მიზეზია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი რეფორმა არ გაატარა, მათ შორის მათი მხარდამჭერები მიუთითებდნენ, რომ უნდა გატარებულიყო რეფორმა სასამართლოსა და პარლამენტში, უნდა მოახდინოთ ძალაუფლების გადანაწილება ოპოზიციასთან და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ ვნახეთ. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი რჩევები, რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს სხვა მოცემულობაა და ქვეყნის ინტერესი, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, პარტიული ინტერესების გამო არ უნდა დაზიანდეს. არის სიტუაცია, როცა კონკრეტული ქმედების გამო ქვეყნის ინტერესი ზიანდება. მიმაჩნია, რომ განცხადებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპის სახალხო პარტიას გააკეთებინა, ქვეყნის ინტერესი ზიანდება. შინაარსის მიმართ არ მაქვს პრობლემა. აღნიშნული განცხადება შეიძლებოდა, ერთი თვის მერეც გაკეთებულიყო. დღეს რომ ამას აკეთებ, როდესაც ათ დღეში უნდა გადაწყდეს, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამის პერსპექტივას უშლი ხელს. ეს არის ცალსახა, რასაც გვერდს ვერ ავუვლი. ამ დროს ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. საქმე აჩენს, რომ მათი ქმედება ქვეყნისთვის საზიანოა და ამაზე ხმამაღლა უნდა ითქვას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები