პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ენრიკო ვალვოს მოუსმინეს. ელჩმა იტალიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით. ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან უფრო მეტი ზედამხედველობა იქნება საჭირო ამ ძირითადი მიმართულებით. პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უფრო მეტიც, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რომ მოხდეს შესაბამისი ადაპტირება, რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება“, – აღნიშნა ენრიკო ვალვომ.