“ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, – ყოფილი სიდედრი სასამართლოზე

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. სასამარლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ სიდედრს მოუსმინა, რომელმაც მოსამართლეს იმ ძალადობრივი ფაქტების შესახებ მოუყვა, რომელსაც თითქოს ბასილაშვილი მის ქალიშვილს აყენებდა.

როგორც მაკა სიმონიშვილმა განაცხადა, ბასილაშვილმა მისი ქალიშვილი სახლიდან ჩუსტებითა და ღამის პერანგით გააგდო.

„ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემ ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა, დავაპირე ნელისთან დარეკვა, მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი, მე ნელით არ შემოვიფარგლები, ნელიმდეც მყავდა თაყვანისმცემლები, უფრო მეტიც, შეყვარებული მყავსო…

ნიკოლოზს ჰქონდა სავარჯიშო ტური, სტამბოლში უნდა წასულიყვნენ, ბავშვიც მიჰყავდა. მთხოვეს, წავყოლოდი. რამდენიმე დღეში ნიკოლოზის მშობლებიც ჩამოვიდნენ. ისინი ცალკე სასტუმროში იყვნენ. ნელი მოლში საყიდლებზე იყო, პიჯაკი მოიზომა და ნიკოლოზს ჰკითხა, უხდებოდა თუ არა, რა დროსაც, ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, – მოუყვა ყოფილმა სიდედრმა მოსამართლეს.

მისი თქმით, როცა ნიკოლოზი ბრაზდებოდა, ნელის საბანკო ბარათებსაც უბლოკავდა.

„ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. „პიჟამით“ და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო….

ნელი ნამტირალევიც მინახავს.  რომ გაბრაზდებოდა, საბანკო ბარათებს უბლოკავდა. აფთიაქში, ბავშვისთვის საჭირო ნივთები იყიდა და ვერ გადაიხადა, რადგან ბარათი დაბლოკილი იყო, ეს ხშირად ხდებოდა. თუ ნიკოლოზი ხასიათზე არ იყო, ან რაღაც ეწყინებოდა, ბარათს დაუბლოკავდა, ხასიათზე რომ მოვიდოდა, ბლოკს მოუხსნიდა

ნიუ-იორკში თმებით მითრიაო, მირტყამდაო, მითხრა ნელიმ. ასევე, მომიყვა ინციდენტი, რომელიც მანქანაში მოხდა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ კეკელიძის ქუჩაზე მომხდარა. აღნიშნულის შემდეგ ნელის ხელის მტევნებზე ჰქონდა დაზიანება, ფოტოები მაჩვენა“ – მოუყვა ბასილაშვილის ყოფილმა სიდედრმა სასამართლოს.

აღნიშნული ისტორიების მოსმენა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა და მან ეს გააპროტესტა. „ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ” – მიმართა მოსამართლეს ბასილაშვილმა. მოსამართლემ კი მას უპასუხა, რომ ვალდებული იყო, მოესმინა: „გავაჩერო მოწმე და აღარ მივაცემინო ჩვენება? უნდა მოუსმინოთ ბატონო ნიკოლოზ და თუ რამეში არ ეთანხმებით, კითხვა დაუსვით”,- უპასუხა მას მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ედავება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

მსგავსი თემები