მეუფე შიო მუჯირი: “მთავარი აზრი სულიერი ცხოვრების არის ის, რომ ადამინს აეხილოს სულიერი თვალი”

“ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი… აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა.

მიტროპოლიტმა მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ კვირას ეწოდება ბრმის კვირა, როდესაც იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ იერიქონელი ბრმის განკურნების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ, ყველას მისი ლოცვა და დალოცვა. დღეს წაკითხული იყო სახარება ბრმის განკურნების შესახებ. იგი იჯდა იერიქონის კარიბჭესთან და მოწყალებას ითხოვდა. როდესაც იქ მიბრძანდა უფალი იესო ქრისტე მრავალ ადამიანთან ერთად, ეს ბრმა იკითხავს, რა ხდებაო. მას ეტყვიან, რომ მობრძანდებოდა ნაზარეველი მოძღვარი, რომელზეც, რა თქმა უნდა, ამ ბრმას სმენოდა, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა. მაშინ მან შესძახა: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ მას აჩუმებდნენ, გაუბრაზდნენ, რადგან ამის თქმა წარმოუდგენელი იყო, „დავითის ძე“ – ეს იყო მესიის ერთ-ერთი სახელი. ამით, ფაქტობრივად, იგი იესო ქრისტეს მესიად აღიარებდა და, რა თქმა უნდა, ამის გამო განურისხდნენ” – აღნიშნა მეუფემ.

როგორც შიო მუჯირმა აღნიშნა, მთავარი სწორედ ღმერთის ხილვაა.

“დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია გადმოგვცემს სწორედ ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები. ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, როგორც თვითონ უფალი იესო ქრისტე ამბობს სამეუფო ლოცვაში: „ეს არის ცხოვრება საუკუნო, რათა გიცნობდნენ შენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, რომელიც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს”. აი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება – ხედვა და შეცნობა ღვთისა”, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მსგავსი თემები