მეჯვრისხევში ოკუპანტები ე.წ. მავთულხლართების გასაბმელად ემზადებიან

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპანტების გააქტიურება ისევ  შეინიშნება. მათ ამჯერად სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, გარკვეულ ტერიტორიებზე მონიშვნა გააკეთეს და  ხეებს თეთრი ლენტები შეაბეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სწორედ ასე იწყენებ ისინი ე.წ. საზღვრის გადმოწევას და მცოცავ ოკუპაციას. მათი თქმით, ოკუპანტები მორიგი „ბორდერიზაციისთვის“ ემზადებიან და პერიმეტრს ნიშნავენ.

არსებული ახალი მონიშვნების მიხედვით, ოკუპანტების შემადგენლობაში ექცევა ვასო სეხნიაშვილისა და ოთარ ზანგურის ნაკვეთების ნაწილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველ დღე შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება, საძოვრები თითქმის მიტაცებულია და მათ საკარმიდამო ნაკვეთებსაც ეხებიან.

ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. როგორც დავით ქაცარავამ აღნიშნა, მეჯვრისხევი, კირბალი, ბერშუეთი და კიდევ რამდენიმე სოფლის ტერიტორიები ექცევა ოკუპანტების ახალი მონიშვნების მიღმა, ახალი ოკუპაციის ხაზის შიგნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, მათი განცხადებით მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება. ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

მსგავსი თემები