იძულებით გადაადგილებული პირის თვითმკვლელობასა და დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები მიმდინარე წელს დაკმაყოფილდებიან.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროტესტისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, იძულებით გადაადგილებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის მეშვიდე სართულიდან გადმოხტა.