კორუფციაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ბრალს არ აღიარებენ  

21 500 აშშ დოლარის ოდენობის კორუფციული გარიგების გამო დაკავებული ქალაქ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. დანაშაული 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გია გულორდავა და ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბერში გამოკითხეს. გამოძიება მათ ქალაქში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის მოთხოვნაში ადანაშაულებს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

სუს-ი ადასტურებს, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

მსგავსი თემები