არჩევნების II ტურის ბოიკოტი სამშობლოს ღალატის ტოლფასია – “ქართული მარშის” პროტესტი “ოცნებას” ​

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები, რომლებმაც თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, მიიჩნევენ, რომ არჩევნების მეორე ტურში განზე გადგომა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება, ამიტომ, ბოიკოტის შეწყვეტას გეგმავენ.

“უამრავი კითხვა მომდის თუ რას აპირებს “ქართული მარში” ამ პოლიტიკურ კრიზისში? მოგეხსენებათ, “ქართულმა მარშმა” ბოიკოტი გამოვუცხადეთ პრეზიდენტის არჩევნებს. ჩვენი ათიათასობით მხარდამჭერი არ მივიდა საარჩევნო უბნებზე. ჩემი აზრით არჩევნების მე-2 ტურში ჩვენი ბოიკოტი აღარ იქნება გამართლებული და პირიქით, დიდი აქტიურობა გვმართებს. დანარჩენს უახლოეს დღეებში შეკრებილი “ქართული მარშის” სათათბირო გადაწყვეტს”, – აცხადებს “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

​”მედიაცენტრ მთავარის” კითხვაზე, თუ რა დასკვნები გამოიტანეს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ჯერ გასარკვევია ვისი თამაში ითამაშეს “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის ლიდერებმა, რომელთა უმრავლესობა, მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლია.

​სანდრო ბრეგაძის შეფასებით, არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის წაგება განაპირობა თავად “ოცნების” ანტიეროვნულმა იდეოლოგიამ და იმან, რომ 2012 წლის “ოცნებიდან” აღარაფერი დარჩა, რადგან ის ხალხი, ვინც სააკაშვილი დაამარცხა, დღეს განზე დგას.

“მმართველი პარტიის დამარცხება განაპირობა მისმა ანტიეროვნულმა, სოროსისტულმა იდეოლოგიამ, ასევე, დიდი როლი ითამაშა იმან რომ 2012 წლის ოცნებიდან აღარაფერი დარჩა და ის ხალხი ვინც სააკაშვილი დაამარცხა განზე დგას. მაგალითად “ქართული მარშის” არცერთი წევრი და მხარდამჭერი არ მისულა არჩევნებზე, ასევე, სრული ბოიკოტი გამოუცხადეს ამ არჩევნებს “ეროვნულებმა” სამეგრელოში”, – განუცხადა “მთავარს” სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, მეორე ტურში “ქართულ ოცნებას” მხოლოდ “ქართული მარშის”, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძის პარტიისა და “პატრიოტთა ალიანსის” ხმები უშველის, მაგრამ ამ სამივე პოლიტიკურ ძალებს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა და გადაწყვეტილებას ადვილად ვერ მიიღებენ. თუმცა “ქართული მარშის” ლიდერები თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამენ ამ ბრძოლაში ბოიკოტზე უარი თქვან.

“ჩვენ პირველ ტურში ბოიკოტი გვქონდა გამოცხადებული, მე-2 ტურში აქტიურები ვიქნებით”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები