იურისტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ – მიმართვა ხელისუფლებას

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეაჩეროს.

როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, 2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელი მოეწერა პოლიტიკურ შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ წერია რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და მოქმედი წესებით მათი შერჩევა არ უნდა მოხდეს.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება ხელისუფლების სამი შტოს: სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული წევრებისგან. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის მოსამართლეთა საკუთრება და ის ლეგიტიმაციას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისგან იღებს.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებულია მხოლოდ 10 წევრისგან და მას არ ჰყავს საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებაში არ მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი.  

ეს არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რის გამოც მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. მეორეს მხრივ, საზოგადოებას შევახსენებთ, საქმე ეხება ყველაზე ბოლო ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უვადო შერჩევას, რამაც უნდა განაპირობოს ქვეყნის მომავალი მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯანსაღი სასამართლო სისტემა შენდება მხოლოდ პატიოსნებით, სიმართლით, გამჭვირვალობით, კონკურენციით, ანგარიშვალდებულებით.  დამოუკიდებელი სასამართლო არ შენდება პოლიტიკური ან კლანური ერთგულებით, ნეპოტიზმით, ფარული გარიგებით. საქართველომ უკვე რამდენჯერმე იწვნია არასწორად აშენებული სასამართლო სისტემის შედეგები, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება იგივე გზას ადგას, რომელსაც მისი წინამორბედი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ:

–        საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: შეაჩეროს პროცესი საკანონმდებლო ბაზის სათანადო ცვლილებამდე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევამდე.

–        საქართველოს პარლამენტს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა.  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, დაიგეგმოს და განხორციელდეს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. მოსამართლეთა დანიშვნები გაგრძელდეს მხოლოდ ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ“ – აცხადებენ ჯგუფის წევრები.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.

მსგავსი თემები