საარჩევნო მაგიდებზე სუფრა იყო გაშლილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების მიმდინარეობაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მიმიდნარეობას  ქვეყნის სამ რეგიონში, კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან. ცენტრის მონიტორები მუშაობენ საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ – პანსკისის ხეობაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

მათი ინფორმაციით, საგარეჯოს N 11-ე ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო მაგიდებზე სუფრა იყო გაშლილი. კენჭისყრის მიმდინარეობისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სადილობდნენ. კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს.

გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აგიტატორები. მათ რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს.

“საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში www.humanrights.ge ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს პროექტით – „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

მსგავსი თემები