„კლინიკებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, გვჭირდება მინისტრი სამედიცინო განათლებით და მართვის გამოცდილებით“ – გიორგი კამკამიძე  

„გვჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენციის ადამიანები, როგორც მედიცინაში, ისე, მართვის თვალსაზრისით და არა ცალმხრივი განათლებით“ – განუცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეო-ლაბის“ დამფუძნებელმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით.

როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო განათლებაც უნდა გქონდეს და მართვის კუთხითაც გამოცდილი უნდა იყოს.       

„არის ასეთი  გამოცდილებაც, რომ ჯანდაცვის მინისტრი შესაძლებელია, იყოს უბრალოდ მენეჯერი. მაგრამ, საქართველოში ნამდვილად არ გვიჭირს იმ თვალსაზრისით, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლებაც და მართვის გამოცდილებაც. შესაბამისად, ეს არის იდეალური კომბინაცია. ჩემი აზრით, სრულფასოვანი სამედიცინო განათლება მნიშვნელოვანია“ – განუცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

მისი შეფასებით, საქართველოში, კლინიკებში გარდაცვალების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ  სრულფასოვანი ანალიზი არ კეთდება.   

„ერთ-ერთ შემთხვევას დაგისახელებთ, არ ხდება იმისი აღიარება, რომ ჩვენს კლინიკებში გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია, ვინაიდან ეს ძირითადად დაკავშირებულია კომპეტენციასთან. ვისურვებდი, შემდეგი მმართველობა მაღალკომპეტენტური გუნდის მიერ განხორციელდეს, რომელიც უფრო ღრმა ანალიზს გააკეთებს დღეს არსებული მდგომარეობის. დღეს არ კეთდება ანალიზი, რატომ გვაქვს ასეთი მაღალი სიკვდილიანობა ქვეყანაში. გვჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენციის ადამიანები, როგორც მედიცინაში, ისე მართვის თვალსაზრისით და არა ცალმხრივი განათლებით“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.     

მსგავსი თემები