შესაძლებელია, ვაქცინაციის ახალი ტალღა ახალი ვაქცინით დაიწყოს

კორონავირუსის ახალ-ახალი შტამებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, უახლოეს რამდენიმე კვირაში, მსოფლიოში ახალი ვაქცინა გამოჩნდეს, რომელიც ახალ შტამებთან შესაბამისი იქნება. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს, როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არსებული ვაქცინები „ომიკრონზეც“ მოქმედებს.   

„არაპირდაპირი დამადასტურებელი იმისა, რომ „ონიკრონზე“ არსებული ვაქცინა მოქმედებს, არის ის, რომ მისი გავრცელება ვაქცინირებულებში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულებში. შესაბამისად, ვიცით, რომ ვაქცინა იცავს, თუმცა, დღეისათვის ზუსტდება პროცენტები თუ რამდენად შემცირდა თითოეული ვაქცინის ეფექტურობა. ჯერჯერობთ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ახლო კვირებში ეს უფრო მეტად დაზუსტდება“ – განუცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

მისივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ვაქცინაციის შემდგომი ტალღა ახალი ვაქცინით მოხდეს.

„პრინციპი კი შემდეგია – თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ს ჩამოცდა, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება ვაქცინის ახალი ვარიანტით. ამიტომ, ძველი ვაქცინა მისი ბუსტერ დოზებით, ისევ აქტუალურია. ახალი ვაქცინების შემუშავება კი შესაძლებელია 2-3- კვირაშიც განხორციელდეს. უნდა ველოდოთ, რომ რეკომენდაცია მალე დაიდება, რომ ვაქცინაციის შემდეგი ტალღთა ვაქცინის ახალი ვარიანტით მოხდეს“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.    

მსგავსი თემები