“შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ, რაც ძალიან სამწუხაროა” – ლევან იოსელიანი

შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ჰქონიათ, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ, რაც ძალიან სამწუხაროა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპოზიციის სხვა ნაწილთან ურთიერთობის ასეთ ფორმას ირჩევს.

„ჩვენთან შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით არავის კონსულტაცია არ ჰქონია. ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ მედიიდან გავიგე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპოზიციის სხვა ნაწილთან ასეთი ურთიერთობის ფორმას ირჩევს. კონსულტაცია რომ გვქონოდა, შეიძლებოდა ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა.

არსებული ტექსტის პუნქტების ნაწილს ვიზიარებ, ნაწილს – არა. ერთმანეთზე კარგი წარმოდგენები რომ არ გვაქვს, ეს არ არის ახალი და ჩვენ მიმართ ასეთი დემონსტრაციული მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ. თუ რაღაცას არ იზიარებ, უბრალოდ, ისინი გაიგნორებენ და ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ მოლაპარაკებულ პოლიტიკურ შეთანხმებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელსა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის  მიმართეს, როგორც წერილშია ნათქვამი, ოპოზიციის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები