“დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობამ მეორედ მომანიჭა მანდატი” – კახა კალაძე

მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ დღეს პირველი სხდომა გამართა და მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, რადგან მის გუნდს ქალაქის მართვის მანდატი კიდევ ერთხელ მიანიჭა.

„მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა დადღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ დედაქალაქის მართვის ახალ, ოთხწლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ ოთხს წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ამ ქალაქისთვის გვემსახურა. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ახალი რეფორმები,ახალი წამოწყებები, სიახლეები, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები,რომელთაც, რა თქმა უნდა, მოგვარება სჭირდება.

პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მოსახლეობამ მეორედ მომანიჭა მანდატი, რომ ვემსახურო თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. დღეს თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ჩემდამი გამოვლენილ ნდობასა და დაკისრებულ პასუხისმგებლობას თითოეულ თქვენგანს გიზიარებთ. შესაბამისად, დედაქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული თითოეული სასიკეთო საქმე იქნება წახალისებული. პირობას ვდებ, ჩემ გვერდით დგომას თითოეული თქვენგანი იგრძნობთ საქმით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ისეთი პროექტები განახორციელოს, რომლითაც ყველა იამაყებს.

„ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, ვისაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვს. მჯერა, ერთად შეგვიძლია გავამართლოთ თითოეული ის იმედი, რომელიც ჩვენდამი საზოგადოებაშიარსებობს და შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ოთხი წელიქალაქის მართვისთვის სწორად გამოვიყენოთ და ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომლითაც ყველა იამაყებს. ძალიან დიდი შემართებით უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქს და ვაჩვენოთ, რომ ვართ ის გუნდი, რომელსაც რეალურად შეუძლია ამ ქალაქის განვითარებაში შეიტანოს წვლილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები