მოზარდის განზრახ მკვლელობისთვისა და დანაშაულის დაფარვისთვის არასრულწლოვნებს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 4 დეკემბერს, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე  დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახეზეა განზრახ მკვლელობა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი თემები