წუხელ, 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის 16 და 17 წლის ახალგაზრდები დააკავეს

თბილისში, სანზონაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის კი სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა დააკავეს. ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე მოხდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სასტიკი დანაშაული წინასწარი შეცნობით მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ , მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“ – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები