ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრის წარმომადგენელი დააკავა, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური გამართულობის დოკუმენტს ისე გასცემდნენ, რომ მას არც კი ამოწმებდნენ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები თბილისსა და რეგიონებში გამოვლინდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ტექნიკური ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ცენტრებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.