საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მარიხუანის მოხმარება სოციალურ პრობლემად იქცა, მკვეთრად მოიმატა მარიხუანის მოხმარებამ არასრულწლოვნებში.
როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა და თითქმის ყველა სკოლის პედაგოგი ამას აღნიშნავს, რომ კატასტროფულად არის მომატებული მარიხუანის მოხმარება სკოლის მოსწავლეებში, მიმართავენ ამასთან დაკავშირებით როგორც დეპუტატებს, ასევე, განათლებისა და შს სამინისტროებს. “აფეთქების მსგავსი მოხმარება გვაქვს”, – ამბობს მირიან წიკლაური.
მისივე თქმით, სასწრაფოდ არის მისაღები კანონი, რომელიც შემოტანილია პარლამენტში და პირველი მოსმენით არის მიღებული. დარჩენილია 2 მოსმენა და არჩევნების შემდგომ მისი მოსმენა გაგრძელდება.
“ეს მაინც უფრო პალიატიური, დროებითი ღონისძიებაა, იმიტომ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულებას როგორც ვამჩნევ, ისეთია, რომ ამ კანონსაც, ალბათ, გაგვიუქმებს, მასაც ჩათვლის, რომ ეს არის მორალისტური, მზრუნველობითი, ზნეობრივი დამოკიდებულების გამომხატველი. თურმე სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მორალისტური და მზრუნველობითი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ, მაშ რაში მდგომარეობს სახელმწიფოს ფუნქცია და როლი? “, – აცხადებს მირიან წიკლაური.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩეული აქვს პრეცედენტული გადაწყვეტილებების ფორმა და თავის გადაწყვეტილებებში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა დროს დაკომპლექტებული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეყრდნობა.
” სააკაშვილისა მონა-მორჩილი იყო წინა საკონსტიტუციო სასამართლო და სამწუხაროდ იგივე პრაქტიკას მისდევს. დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებებს იღებს საფუძვლად, რომელიც მთლიანად სააკაშვილის მიერ იყო დაკომპლექტებული”, – აცხადებს დეპუტატი.